ფეოდალურ ხანაში გურია ჩამოყალიბდა როგორც საქართველოს ერთ-ერთი საერისთავო. ერისთავები იყვნენ გურიელები, რომლებიც ვარდანისძეთასაგვარეულო შტოდან წარმოიშვნენ. საერისთავოს ცენტრი იყო სოფელი გურიანთა.
XV საუკუნის მე-2 ნახევარში საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ წარმოიქმნა გურიის სამთავრო. მას გურიელები განაგებდნენ და რეზიდენცია ჰქონდათ ალამბარში, შემდგომ ოზურგეთში, ასევე ლიხაურში. საუფლისწულო მამულს წამოადგენდა სოფელი ლესა.
გურიის სამთავრო მუდმივ ბრძოლაში იმყოფებოდა იმერეთის სამეფოსთან და ოსმალეთის იმპერიასთან. გურიის სამთავროს ძირითადი მოკავშირე ოდიშის სამთავრო იყო. გურიის ზოგმა მთავარმა მოახერხა იმერეთის მეფის ტახტის დროებით დაპატრონება. ოსმალეთის იმპერიასთან მუდმივი ბრძოლების შედეგად გურიის სამთავრომ დაკარგა ქვემო გურია.

ისტორიულად იგი შემოსაზღვრული იყო ჩრდილოეთით რიონით, სამხრეთით - ჭოროხით. აღმოსავლეთით ჭოროხ-აჭარისწყლის შესართავიდან მესხეთის ქედის გაყოლებით აჭარასესაზღვრებოდა.
ამდენად გურია მოიცავდა ამჟამინდელი ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას, ასევე, ნაწილობრივ, ქობულეთის, ხელვაჩაურის, აბაშის, სენაკის,ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების, ფოთისა და ბათუმის ტერიტორიას.
გურია სამ რეგიონად იყოფოდა: ზემო გურია (ტერიტორია მდინარეებს რიონსა და სუფსას შორის), ქვემო გურია (მხარე ჭოროხსა და ჩოლოქს შორის) და შუა გურია (ტერიტორია ჩოლოქსადა სუფსას შორის).
